რა არის KYC
KYC (Know Your Customer, „იცნობდე შენს მომხმარებელს") არის პროცესი, რომლითაც კომპანია კლიენტისგან აგროვებს ინფორმაციას:
- მისი ვინაობის შესახებ (იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია);
- მისი შემოსავლების შესახებ;
- მისი ფინანსური პროფილის შესახებ: რა საქმიანობას ეწევა და რა ტიპისა და მოცულობის ოპერაციებს უნდა ველოდოთ.
KYC პასუხობს კითხვაზე: „ვინ არის ეს ადამიანი?” დაწვრილებით: როგორ მოწმდება მომხმარებელი AML Check-ის დროს.
რა არის AML
AML (Anti-Money Laundering, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა) KYC-ით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აფასებს კლიენტის საწყისი რისკის დონეს, ანუ რამდენად მოწყვლადია კლიენტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მიმართ. ამის შემდეგ AML სისტემა მუშაობს უწყვეტად:
- ამოწმებს სანქციების სიებთან;
- აანალიზებს კრიპტოს წარმომავლობასა და ტრანზაქციების ისტორიას;
- ახორციელებს ტრანზაქციების მონიტორინგს;
- საჭიროებისას მიმართავს გაძლიერებულ შესწავლას (EDD);
- საეჭვო ოპერაციებზე აცნობებს საფინანსო მონიტორინგის სამსახურს.
AML პასუხობს კითხვაზე: „რამდენად რისკიანია ეს კლიენტი და მისი კონკრეტული ოპერაცია?”
დაბალი რისკის კლიენტი, მაღალი რისკის ტრანზაქცია
სწორედ აქ ჩნდება პასუხი მთავარ კითხვაზე. კლიენტის რისკი და კონკრეტული ტრანზაქციის რისკი ორი სხვადასხვა რამაა.
„შესაძლოა, მომხმარებელს ძალიან კარგად ვიცნობდეთ და AML ჭრილში ის ჩვენთან დაბალრისკიან კლიენტად განიხილებოდეს, თუმცა მის მიერ შესრულებული რომელიმე კონკრეტული კრიპტო ტრანზაქცია მაღალი რისკის ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.”
— თამარ რატიანიძე
ეს ნიშნავს, რომ კლიენტს კოინები შესაძლოა მიღებული ჰქონდეს:
- მაღალი რისკის პირებისგან;
- „დაბინძურებული" wallet-იდან: საფულიდან, რომელიც დაკავშირებულია მოპარულ კოინებთან, dark market-თან, მიქსერთან, სანქციებთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან.
ასეთი კავშირი ტრანზაქციის დროს blockchain analytics-ით აუცილებლად გამოვლინდება, მაშინაც კი, თუ კლიენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. შედეგად ტრანზაქცია შეიძლება შეჩერდეს დამატებითი შესწავლისთვის, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კლიენტმა რამე დაარღვია.
იცოდეთ, ვისგან იღებთ კრიპტოს
თამარის რჩევით, ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, ვისგან იღებს კრიპტო ჩარიცხვებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს:
- მოერიდეთ კრიპტოს მიღებას უცნობი ან გადაუმოწმებელი პირებისგან;
- P2P გარიგებებისას იყავით განსაკუთრებით ფრთხილად;
- შეინახეთ სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი ინფორმაცია (ბირჟის ამონაწერი, ხელშეკრულება, ინვოისი);
- ტრანზაქციის შეჩერების შემთხვევაში მშვიდად უპასუხეთ პლატფორმის მოთხოვნას და წარადგინეთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
ხშირად დასმული კითხვები
KYC და AML ერთი და იგივეა?
არა. KYC კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა, AML კი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რისკის შეფასება და უწყვეტი მონიტორინგი. KYC AML-ის წინაპირობაა.
რატომ შემიჩერეს ტრანზაქცია, თუ ვერიფიკაცია გავლილი მაქვს?
ვერიფიკაცია ადასტურებს თქვენს ვინაობას, მაგრამ კონკრეტული ტრანზაქცია შეიძლება მაღალი რისკის ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული, მაგალითად, თუ კოინები დაბინძურებული საფულიდან მიიღეთ.
რა არის „დაბინძურებული" wallet?
საფულე, რომელიც დაკავშირებულია უკანონო საქმიანობასთან: მოპარულ კოინებთან, dark market-თან, მიქსერებთან, სანქციებთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან.
LC HUB: AML/CFT კონსულტაცია და ტრენინგები
LC HUB (Legal & Compliance Hub) ეხმარება კომპანიებს, ააწყონ KYC და AML პროცესები ეფექტიანად:
- KYC პროცედურებისა და კლიენტის რისკის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება;
- ტრანზაქციების მონიტორინგისა და საფულის რისკის შეფასების სისტემის დანერგვა;
- AML/CFT ჩარჩოს შექმნა და სებ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- სასერტიფიკატო AML ტრენინგები, მათ შორის VASP-ებზე მორგებული მასტერკლასი.
📞 დაგვიკავშირდით: +995 551 51 93 39

